დიდებული ჰაკიმი

პარი სენ-ჟერმენის მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ „ლე ავრის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, რომელიც პარიზელთა გამარჯვებით, 5:1 დასრულდა, გამორჩეული შედეგი აჩვენა. მწვრთნელ ლუის ენრიკეს მიერ განხორციელებული როტაციის მიუხედავად, მაროკოელი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში დარჩა და მატჩის ბედზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა. შეხვედრის მე-18 წუთზე ანგარიში მასპინძელმა ჯოშ მაიამ გახსნა, თუმცა 26-ე წუთზე ჰაკიმიმ მიკა გოდტსს გაატანინა, ორი წუთის შემდეგ კი სენი მაიულუსთან გათამაშებული კომბინაციის შედეგად თავად გაიტანა და პსჟ წინ გაიყვანა. 55-ე და 69-ე წუთებზე გატანილი გოლებით ჰაკიმიმ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო 62-ე წუთზე კიდევ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. 71-ე წუთზე, სამი გოლისა და ორი საგოლე პასის ავტორი მოედნიდან შეცვალეს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მცველმა ერთ შეხვედრაში ხუთ საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა. მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ ჰაკიმი მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველად დაასახელა. „ჩვენ კარგად ვიცით ჰაკიმის ოსტატობის შესახებ. ის ფაქტობრივად თავდამსხმელია და ხშირად სხვა ფორვარდებზე წინაც კი მოქმედებს. მე არამხოლოდ მისი სამი გოლი, არამედ ის სტაბილურობა აღმაფრთოვანებს, რომლითაც ის უმაღლესი დონის ფეხბურთს თამაშობს“, – განაცხადა პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა. თავად ფეხბურთელმა Ligue 1+-თან საუბრისას აღნიშნა, რომ კმაყოფილია მწვრთნელის მიერ მინიჭებული თავისუფლებით. „მწვრთნელი ძალიან მეხმარება და შეტევაში ჩართვის სრულ თავისუფლებას მაძლევს. როდესაც წინ მივდივარ, თანაგუნდელები მზღვევენ, რაც მოედანზე თავს კომფორტულად მაგრძნობინებს. ასეთ პირობებში თამაში ადვილია და ვცდილობ, საკუთარი ფეხბურთით სიამოვნება მივიღო“, – განაცხადა ჰაკიმიმ.

Article and image source: Sarbieli

News Desk: News Desk is the editorial publishing account for Tringlobe Media News, covering breaking news, public affairs, entertainment, community developments and regional stories across Trinidad and Tobago, the Caribbean and internationally.